ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიმართა კომპანია "გილიადს" და ქვეყანა რემდესივირის მედიკამენტებს მიიღებს.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის განცხადებით, რემდესივირი ერთ-ერთი წამყვანი მედიკამენტია კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში. ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
"რემდესივირი, როგორც კი გაჩნდა ეს ეპიდემია და არ არსებობდა პირდაპირი მოქმედების მედიკამენტი, მაშინვე დაიწყეს დაახლოებით 15 მედიკამენტის კვლევა, რომელი გაამართლებდა ვირუსის სამკურნალოდ.
რემდესივირი თავიდანვე მოიაზრებოდა ფავორიტად ამ ჯგუფში. მანამდე იცით, რომ რეკომენდაცია ჰქონდა პლაქველინს, მაგრამ რემდესივირი ითვლებოდა ფავორიტად. შემდეგ ეს იმედები არ არ გამართლდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პრეპარატი არც თუ ისე ეფექტურია კოვიდის დროს, როგორც თავიდან ეგონათ, თუმცა ახლა ვითარება ისევ შეიცვალა. ენტონი ფაუჩმა დადო თამამი განცხადება რომ რემდესივირი საკმაოდ ეფექტურია და შესაძლოა ეს იყოს გზა გადარჩენისკენ. ახლაც ყველა არ ეთანხმება მას და არსებობს განსხვავებული აზრები.
რაც შეეხება საქართველოს, აქვს თუ არა ამ პრეპარატის მიღების შანსი? - თავიდანვე როდესაც რემდესივირზე კვლევა დაიწყო, მთელი მსოფლიო რიგში იდგა მის მისაღებად. საქართველო ამ რიგში რომ ჩამდგარი უშანსო ვიქნებოდით, რადგან ცოტა ინფიცირებული და კიდევ უფრო ცოტა გარდაცვლილი გვყავს. მაგრამ ჩვენს მთავრობას აქვს პრივილეგია, რომ კომპანია "გილიადი", რომელიც გვაწვდის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის წამლებს, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს რემდესივირს. ამით საქართველო კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს და მომავალში თავს დაიზღვევს.
რაც შეეხება კოვოსტატს, ის შეიქმნა იაპონიაში და თავისი მოქმედების მექანიზმით, ყველაზე იმედისმომცემია. თუ ეს მედიკამენტი იმუშავებს, მაშინ ეს მედიკამენტი შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური", - განაცხადა ცერცვაძემ.